ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი მონაწილეობს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ბელგია ჩართულია ამ პროცესში.
„ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმ შეხვედრებიდან, რაც უკვე გავმართე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახალხო დამცველის აპარატში, ნათელია, რომ არის ძლიერი და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ამ სურვილის რეალიზება უნდა მოხდეს ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ვიყოთ, განვიხილოთ შესაძლებლობები, პროგრესი, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო დავეხმაროთ ქვეყანას. ესაა ჩემი დღეს აქ ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის როლში. თქვენ იხილეთ დღეს რუსეთის განცხადებები, რაც შემთხვევითი არ არის, შესაბამისად ეს ვიზიტი დროულია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები, გავაძლიეროთ გაწევრიანების სურვილი, რომელიც გაცხადებულია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეს და როდესაც დავბრუნდებით ბრიუსელში, გავაჟღეროთ ამის შესახებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ რეგიონის გეოსტრატეგიული სიმყიფე, სადაც ათწლეულების განმავლობაში საზღვრები არ არის აღიარებული. ევროკავშირი მონაწილეობს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ბელგია ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა აჯა ლაბიბმა.
ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველო-ბელგიის ურთიერთობები დინამიკურად მიმდინარეობს.
„საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამაზე მეტყველებს არაერთი მაღალი დონის, უმაღლესი დონის ვიზიტები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ ბელგიაში ვიზიტით, ახლა კი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და დინამიკა ხელს უწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ბელგია არის როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს დამფუძნებელი სახელმწიფო.
„შესაბამისად, ბელგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამჟამად ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე ეცნობა ვითარებას. ქართული მხარე რეგულარულად, მუდმივად ვაწვდით ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს ინფორმაციას ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცა ვითარების ადგილზე გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ძირითადი ყურადღება მიმართულია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თემატიკა, ჩვენი ოკუპაციის პრობლემატიკა არ იქნას მივიწყებული და აქტუალობა შეინარჩუნოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. შესაბამისად, ძალიან ვაფასებთ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილსა და ინტერესს, ეწვიოს ოკუპაციის ხაზს“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.