ბელგიის პრემიერი - მოლდოვაში სამიტი მნიშვნელოვანი მესიჯია ქვეყნებისთვის, რომლებიც ზეწოლას განიცდიან, საქართველოს ევროპული მისწრაფება აქვს და ასეთი ღონისძიება აჩვენებს, რომ გვსურს სათანადო დისკუსია
მნიშვნელოვანი მომენტი და ფაქტია, რომ თითქმის 50 ქვეყანა იკრიბება აქ, მოლდოვაში. ერთი წლის წინ არავინ დაიჯერებდა, რომ ეს მოხდებოდა. ეს არის მომენტი, რომლითაც აჩვენებ, რას ნიშნავს ერთიანი ევროპა, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი საკითხების გამო გაერთიანება, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ბელგიის პრემიერის თქმით, ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოება ეხება კეთილდღეობას, მშვიდობას.
„დიახ, ეს მნიშვნელოვანი მესიჯია ქვეყნებისთვის, რომლებიც ზეწოლას განიცდიან – უკრაინა, მოლდოვა. ვიცით, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება გააჩნია და ასეთი ღონისძიება, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი აჩვენებს, რომ ჩვენ ღია ვართ, პარტნიორები ვართ და რომ გვსურს სათანადო და თანასწორი დისკუსია. ევროპული პერსპექტივა ევროკომისიამ უნდა გადაწყვიტოს და ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ მათ ანალიზს, მაგრამ დღეს პოლიტიკური მომენტია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და თემები, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.