ბელგიის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების კუთხით პაუზა უნდა აიღოს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხში პაუზა უნდა აიღოს.
მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ალქსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბელგიის თვალსაზრისით, ბოლო პაკეტი არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ავიღოთ პაუზა. მიეცით ამ პაკეტს მუშაობის საშუალება. ნავთობის ემბარგოს გავლენა რუსეთზე გაცილებით დიდია, ვიდრე გაზის შემთხვევაში. გზა გაზთან მიმართებაში გაცილებით რთულია“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.
მისი თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება მთელი ევროკავშირისთვის გამარჯვებაა, რომლისაც არავის სჯეროდა.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოდით, ერთი წუთით გავჩერდეთ და შევხედოთ მის გავლენას“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებისთანავე მზადყოფნა გამოთქვეს მეშვიდე პაკეტზე მუშაობის დასაწყებად.
ევროკავშირის ლიდერების მიერ შეთანხმებული სანქციების მეექვსე პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს.