ბელგიის პრემიერ-მინისტრი - საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ჩვენი გზავნილია, რომ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას
საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
ალექსანდრ დე კროს თქმით, ევროკავშირის ნაწილი შეუძლია, იყოს ყველა ქვეყანა, რომელიც აუცილებელ რეფორმებს ჩაატარებს.
„ვაფასებთ ძალისხმევას, რომელიც შესრულდა და ევროკომისიის ანალიზს. ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას და ახლა ჩვენ ვაგრძელებთ გზას. ეს არის გრძელი გზა, ბევრი რეფორმა არის აუცილებლად ჩასატარებელი, თუმცა ვისაც სურს, რომ იყოს ევროკავშირი წევრი, რომელიც ქმნის ამდენ კეთილდღეობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, თუ აუცილებელ რეფორმებს ჩაატარებს, შეუძლია იყოს ამის ნაწილი“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.
ამასთან, როგორც ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებას ყოველთვის კონსენსუსის გზით იღებს. მისივე თქმით, ვიქტორ ორბანს დღევანდელ სამიტზე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია.
„საბჭოს გადაწყვეტილება ყოველთვის კონსენსუსით ხდება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის 27 წევრისთვის და გადაწყვეტილება არის ის, რომ ევროკავშირი იწყებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან. შეიძლება, ბევრი კითხვა გქონდეთ, თუ რა განსხვავებული იდეები ჰქონდათ მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომებს, თუმცა მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. მართლაც, მესმოდა, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებდა, თუმცა არ გამოუყენებია, ხოლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის არის კონსენსუსით მიღებული. მნიშვნელოვანია, რა გადავწყვიტეთ, ეს კი არის ის, რომ ორშაბათს მოლაპარაკებები იწყება უკრაინასთან. ხოლო მოსაზრებები, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ მოლაპარაკებების მაგიდასთან, საბოლოოდ აღარ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა 27 ქვეყნისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.