ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროპარლამენტის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროპარლამენტის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს

ევროპარლამენტის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრომ განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

დე კროოს თქმით, ამ კვირაში „იყო მჭიდრო თანამშრომლობა“ ბელგიისა და ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის რუსული პროპაგანდისტული ქსელის ჩაშლის მიზნით.

„მაგალითად, გაირკვა, რომ რუსეთმა მიმართა ევროპარლამენტარებს, ასევე გადაუხადა თანხა რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად აქ“, – განაცხადა დე კროომ.

დე კროოს წარმომადგენელმა „პოლიტიკოს“ განუმარტა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეხებოდა ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „ევროპის ხმის“ საინფორმაციო ვებსაიტისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც პრაღამ პრორუსული გავლენის ოპერაციის ნაწილი უწოდა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩეხეთის სანქციების სიაში მოხვდნენ ვიქტორ მედვედჩუკი და წარმოშობით უკრაინელი არტემ მარჩევსკი, რომლებიც, სავარაუდოდ, იდგნენ პროპაგანდისტული კამპანიის უკან. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მედვედჩუკმა ჩაატარა „რუსული გავლენის ოპერაცია“ რუსეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე „ევროპის ხმის“ გამოყენებით.

ევროპარლამენტის სპიკერმა, დელფინა კოლარმა თქვა, რომ იკვლევენ ჩეხეთის ხელისუფლების დასკვნებს „ევროპის ხმასთან“ დაკავშირებით.

ჩეხეთის სამოქალაქო კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ქსელი მუშაობდა პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების პოლიტიკოსებთან, რათა გავლენა მოეხდინა ევროპარლამენტის არჩევნებზე.