ბელგიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ვინსენტ ქუიკენბორნის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტ დასახელდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვინსენტ ქუიკენბორგმა ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ ტუნისელი თავდამსმხმელის, რომელმაც ორშაბათს საღამოს ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა, ექსტრადაციას ტუნისი ჯერ კიდევ 2022 წელს ითხოვდა, რაც ბელგიის იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.
„ეს უპატიებელი შეცდომაა, რომელსაც დრამატული შედეგი მოჰყვა. მსურს, რომ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო“, – განაცხადა უკვე ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.
ბელგიის პროკურატორის ინფორმაციით, ტერორისტი ტუნისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 2019 წელს შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი ვერ მიიღო, ბრიუსელში ცხოვრობდა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალესანდრე დე კროს თქმით, თავშესაფარზე უარის თქმის მიუხედავად, ბელგიის უსაფრთხოების სამსახურმა მისი ადგილსამყოფელის მონიტორინგი ვერ შეძლო.
ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ სროლის შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, რის შემდეგაც ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 45 წლის აბდესლამ ლასუედი ბელგიის პოლიციამ გაანეიტრალა.