ბელგიის არმიის მეთაური - კრემლის შემდეგი სამიზნეები შესაძლოა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ
უკრაინის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნეები შესაძლოა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, – ამის შესახებ ბელგიის არმიის მეთაურმა, მიშელ ჰოფმანმა განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„რუსეთმა უკვე აჩვენა, რომ მათ აქვთ მეზობელზე თავდასხმის სურვილი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ენა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ მას მოგვიანებით სხვა იდეებიც ჰქონდეს მოლდოვაში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – განაცხადა ჰოფმანმა.
მისივე თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს ამისთვის და უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას ან კონტრშეტევას შეძლებს.
„მაშინაც კი, თუ მოსკოვის ძალები დასუსტებულად გამოიყურება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო, ეს სისუსტე დროებითია. რუსეთი ომს თუ მოიგებს, ის საბოლოოდ აღადგენს ომის მანქანას და აღადგენს თავის შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნა ბელგიის არმიის მეთაურმა.