ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში გაერო-ს მიგრაციული პაქტის წინააღმდეგ აქცია დაარბიეს
წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბიეს ბელგიელმა სამართალდამცველებმა დედაქალაქის ცენტრში, გაერო-ს მიგრაციული პაქტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია. დაკავებულია სულ მცირე 69 ადამიანი. აქციაში მემარჯვენე ძალების მხარდამჭერი ხუთი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
მშვიდობიანი აქცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, როდესაც დემონსტრაციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ყუმბარები დაუშინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის 400-მდე მონაწილე ევროკომისიის შენობაში შეჭრასაც შეეცადა.
პარალელურად კი, ბრიუსელის მეორე მხარეს, გაერო-ს მიგრაციული პაქტის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. თუმცა ის გაცილებით მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასამდე ადამიანმა მიიღო.