ბელგიაში ეროვნული ბანკის შენობიდან საეჭვო კონვერტის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ბელგიის ეროვნული ბანკის შენობიდან საეჭვო კონვერტის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პოლიციამ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული საეჭვო კონვერტის შესახებ შეტყობინება დაახლოებით შუადღეს მიიღო. ბანკის თანამშრომლების ვარაუდით, კონვერტში სადენები იყო მოთავსებული.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. გამნაღმველებმა კი, დაადგინეს, რომ კონვერტი საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ბელგიური მედიის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის შენობიდან ხალხის ევაკუაცია გასულ კვირასაც განხორციელდა, რისი მიზეზიც საკონფერენციო დარბაზში აღმოჩენილი საათი გახდა.