ბელგიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს
ბელგია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 92 მილიონ ევროს უკრაინას გადასცემს, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
ბელგიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს. ფინანსური დახმარების ჯამური მოცულობა 92 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სახსრების წყაროს წარმოადგენს გაყინული რუსული ფინანსური აქტივებიდან ბელგიის საგადასახადო შემოსავლები.
„ამ თანხის ნახევარი, 46 მილიონი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. ეს მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს“, – ნათქვამია ბელგიის მთავრობის განცხადებაში.
თანხის მეორე ნახევარი მოხმარდება უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას. ამ თანხიდან 24 მილიონი ევრო გაერო-სთან კოორდინირებულად დაიხარჯება ჰუმანიტარულ დახმარებაზე, კერძოდ, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე დიდ ქალაქებსა თუ საომარ ზონებში.