ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს
ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველი ყოფილი ბანკირის, ვიქტორ ბაბარიკოსა და ტექნოპარკის დირექტორ ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს.
უფლებადამცველების მონაცემებით, მხოლოდ მინსკში დაკავებულია 173 ადამიანი. დემონსტრანტები დააკავეს ასევე სხვა ქალაქებში, მათ შორის პრუჟანიში, გომელში, ბრესტში, გროდნსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, კერძოდ, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტები, ასევე ტელეკომპანია „ბიბისის“ ოპერატორი, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს.
ბელარუსში არასანქცირებული საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო და ბელარუსის ტექნოლოგიური პარკის დირექტორი ვალერი ცეპკალო პრეზიდენტობის კანდიდატებად არ დაარეგისტრირა.
ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ბაბარიკოს მომხრეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები 20 ივნისს წარუდგინეს, თუმცა 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, მიზეზად კი, მის საშემოსავლო და ქონებრივ დეკლარაციაში შეუსაბამობები, ასევე მის საარჩევნო კამპანიაში უცხოური ორგანიზაციის მონაწილეობა დასახელდა.
„ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ბაბარიკო 19 ივნისს დააკავეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „ბელგაზპრომბანკის“ საქმე ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებას უკავშირდება. დაკავებულია ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.
რაც შეეხება ვალერი ცეპკალოს, მას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი მხარდამჭერთა არასაკმარისი ხელმოწერების გამო უთხრა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.