ბელარუსში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავენ
ბელარუსში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყება ავრცელებს. ბელარუსის საკითხის დღის წესრიგში დაყენება პოლონეთის ინიციატივით მოხდა.
სამინისტროს ცნობით, ევროპელი დიპლომატები, ასევე ისაუბრებენ თურქეთის, ვენესუელისა და ლიბანის საკითხებზე.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მინსკთან თავის ურთიერთობებს გადახედავს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ძალადობაზე, დემონსტრანტების დაკავებასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ევროკავშირის განცხადებით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი და ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.
ბელარუსში უკვე სამი დღეა დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია ათასობით ადამიანი.