ბელარუსში პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბში ავრცელებენ. როგორც ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი, მისი ვაჟი ედუარდი, აცხადებს, ამჟამად პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის ოჯახის წევრების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც იუწყებიან, ვიქტორ ბაბარიკო დღეს ამომრჩეველთა ხელმოწერების ჩასაბარებლად ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაემგზავრა, თუმცა მალევე მასთან კავშირი გაწყდა. შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბაბარიკო და მისი ვაჟი ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური საქმეების გამოძიებათა დეპარტამენტში მიიყვანეს.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტობის მსურველ პოლიტიკოსს „ბელგაზპრომბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კითხავენ. საქმე ეხება კომპანიის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში აცხადებენ, რომ ბაბარიკო მოწმეებზე ზეწოლისა და დანაშუალის მტკიცებულებების დამალვის გამო დააკავეს. ამასთან, ვიქტორ ბაბარიკოსთან პირადი ადვოკატი არ შეუშვეს და მათ საჩივარი გენერალურ პროკურატურაში შეიტანეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დაგეგმილი. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 19 ივნისს იწურება.