ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ ტერაქტის მომზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ ტერაქტის მომზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით აღიძრა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ანდრეი რავკოვმა განაცხადა.

29 ივლისს ბელარუსის სამართალდამცველებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერის“ 33 წევრი დააკავეს.

მინსკში ამბობენ, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ჩავიდა 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ამოცანა საარჩევნო კამპანიის დროს ვითარების დესტაბილიზაციაა.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატები ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდნენ, სადაც კომისიის ხელმძღვანელს, ლიდია ერმოშინას შეხვდნენ.

ამავე შეხვედრას ასევე დაესწრო ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი, ანდრეი რავკოვიც, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატებს უთხრა, რომ რუსეთში „გარკვეულ დაჯგუფებებს“ და ე.წ. ბოევიკებს ამზადებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ბელარუსის ტერიტორიაზე შესაღწევად ემზადებიან.

რავკოვის თქმით, რუსეთის დაკავებული მოქალაქეები განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან. „ზოგი მათგანი პირდაპირ ამბობს: „ჩვენ ჩამოვედით რევოლუციის მოსაწყობად“, – აღნიშნა ანდრეი რავკოვმა.