ბელარუსმა ევროკავშირს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა
ბელარუსი ევროკავშირს მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ მაკეიმ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ თებერვალში ევროკავშირმა გაახანგრძლვა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაკარგეს რაციონალური ახსნა. ამასთან დაკავშირებით, კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააუქმოს დარჩენილი შემზღუდავი ზომები“, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ვლადიმერ მაკეიმ აღნიშნა, პოზიტიურმა თანამშრომლობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაცილებით ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა, ვიდრე სანქციების ოცმა წელმა.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს ევროკავშირმა ბელარუსისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგო და რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.