ბელარუსისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დღეს ბიზნეს სექტორს შეხვდებიან
საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეხვედრას 60-მდე კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრება.
ბიზნესმენებს ბელარუსის სახელმწიფო დელეგაცია, ქვეყნის ვიცე-პრემიერის, მიხეილ რუსის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდებიან.
ღონისძიება საქართველოში ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო ბიზნესკავშირების მხარდაჭერაა.
შეხვედრაზე ბელარუსის დელეგაციის მხრიდან გაკეთდება მოხსენებები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ბელარუსის საექსპორტო პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო, მანქანათმშენებლობისა და საავტომობილო მიმართულებით, ასევე ბელარუსის საინვესტიციო შესაძლებლობები კვების მრეწველობის მიმართულებით.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 16 ნოემბერს, 09:45 საათზე გაიმართება.