ბელარუსის ვიცე-პრემიერი - მზად ვართ, ნებისმიერი, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრის პროცესს მოედანი დავუთმოთ
ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ ბელარუსის ვიცე-პრემიერმა, მიხაილ რუსმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა შტოს შორის კარგი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.
„ხალხები თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირებმა გამოიყენონ ნებისმიერ მოედანი, რათა კონფლიქტები გადაიჭრას. რაც შეეხება ბელარუსის და საქართველოს ურთიერთობებს – ეს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერში ვუჭერთ მხარს ერთმანეთს. ხელისუფლების ყველა შტოს შორის კარგი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. სავიზო რეჟიმი მოხსნილია. არავითარი დისკრიმინაცია არც ვაჭრობაში, არც ადამიანების გადაადგილების კუთხით და არც სხვა ლოჯისტიკურ სფეროებში არ არის. წელიწადში ერთხელ სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს.
ბელარუსი ამისთვის მზადაა და ჩვენ უახლოეს ხანში ველოდებით მაღალი დონის ვიზიტებს. მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობის წევრები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას მეორე ევროპული თამაშების გახსნაში, რადგან ამ თამაშებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს გუნდიც. დღეს ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან ერთი წელი შესრულდა, მანამდე კი ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებებმა ითამაშეს და ეს მატჩი ფრედ დასრულდა. სწორედ ასე უნდა ვიმუშაოთ, რომ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს“,- განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა.
პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ბელარუსის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინა განაცხადა, რომ მინსკი მზადაა, საქართველოს და რუსეთს კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, კონკრეტულად რას გულისხმობდა ის, მიხაილ რუსი პასუხობს:
„თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლა. ბელარუსი მზადაა, ყველა სადავო კონფლიქტის დარეგულირების მოედანი იყოს და ჩაერთოს გადაჭრაში. კონფლიქტები არ უნდა იყოს. ხალხი უნდა ცხოვრობდეს მშვიდობაში. რაც არ უნდა ფაქიზი იყოს მშვიდობა, ეს მაინც მშვიდობაა. თუ იმუშავებ, სწორი გადაწყვეტილების პოვნა ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ, ბელარუსი მზადაა, ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრის პროცესს მოედანი დაუთმოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მინსკის შეთანხმება უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე. ჩვენ მზად ვართ, ან თავად ჩავერთოთ ან დიალოგი ჩვენს ტერიტორიაზე გაიმართოს“,- განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშნეკოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა უახლოეს ხანში შედგება.
„ვიზიტი უმოკლეს ხანში შედგება, ამის გარეშე შეუძლებელია. როგორც კი სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა დამავალა, რომ პირადად ჩამოვსულიყავი და მისი პირადი გზავნილი გადამეცა ზურაბიშვილისთვის, სადაც ის ულოცავს მას პრეზიდენტად არჩევას. მიმელოცა, რომ ხალხმა ის აირჩია. ჩვენ მზად ვართ, გაძლიერებული ტემპებით განვაგრძოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ამის დადასტურებაა ეს გამოფენაც და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც თბილისში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა გამოფენაზე, ეკონომიკის სამინისტროც მუშაობს ჩვენთან. ასე რომ, ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს“,- განაცხადა მიხაილ რუსმა.