ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ოპონენტებს მიმართა - არ ღირს იმის შემოწმება, იციან თუ არა ბელარუსებმა ბირთვული იარაღის პრაქტიკაში გამოყენება
ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ოპონენტებს მიმართა - არ ღირს იმის შემოწმება, იციან თუ არა ბელარუსებმა ბირთვული იარაღის პრაქტიკაში გამოყენება

არ ღირს იმის შემოწმება, იციან თუ არა ბელარუსებმა ბირთვული იარაღის პრაქტიკაში გამოყენება, – ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, პაველ მურავეიკომ განაცხადა და ოპონენტებს მიმართა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს, დაგიცვათ ამ გიჟური აზრებისა და იდეებისგან, რომ პრაქტიკაში შევამოწმოთ, იციან თუ არა ბელარუსელებმა ამ იარაღის გამოყენება“, – განაცხადა პაველ მურავეიკომ.

მურავეიკოს თქმით, რუსეთის ფედერაციისგან ბირთვული იარაღის მიღებამდე ბელარუსმა სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგის სრული კურსი რუსეთში, შეიმუშავეს აქტივობები რეალურ და საწვრთნელ ობიექტებზე, იარაღის გამოყენებისთვის შესაბამისი შესაძლებლობა მიიღეს.

„ჩვენ გვაქვს სრული ნება და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ყველა საშუალებით“, – განაცხადა ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ.

შეგახსენებთ, მაისში რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის ნაწილი უკვე ბელარუსშია.