ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი - დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებისა
დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებისა, – ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრ ვოლფიჩმა განაცხადა.
„ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება სტრატეგიული შეკავებისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს. ვიმედოვნებთ, რომ დასავლელი პარტნიორები ამ წითელ ხაზს არ გადალახავენ“, – აღნიშნა ვოლფიჩმა.
გასულ კვირას რუსეთმა მიიღო ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს „ბრძოლის ველზე კონკრეტული მიზნების მიღწევას“.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი უკვე გზაშია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე.
მანამდე, აშშ-ში განაცხადეს, რომ გმობენ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებას.