ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ბელარუსში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
ბელარუსში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. როგორც იუწყებიან, მისნკში იგორ კიზიმს ოფიციალურად გამოუცხადეს პროტესტი ბრესტში მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის რაკეტა უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს.
ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო.
„ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია და ბელარუსის მხარე მას მაქსიმალურად სერიოზულად უდგება“, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
მინსკში ითხოვენ, რომ უკრაინამ მომხდარის დეტალური გამოძიება ჩაატაროს, დამნაშავეები დასაჯოს და მიიღოს ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
„ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოუტანოს ყველას“, – განაცხადეს ბელარუსის საგარეო უწყებაში.
თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, მომხდარის გამოძიება ჩაატარონ და მოიწვიოს იმ ქვეყნების სპეციალისტები, რომლებიც რუსეთს მხარს არ უჭერენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი კრემლის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.
„არ არის გამორიცხული, რუსეთმა განზრახ შეადგინა ფრთოსანი რაკეტების ისეთი მარშრუტი, რომ მათი ჩამოგდება ბელარუსის ტერიტორიის თავზე მომხდარიყო“, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის უწყებაში.