ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ
ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ. როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოულოდნელი შემოწმება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განკარგულებით დაიწყო.
„ღონისძიებას კომპლექსური ხასიათი ექნება. ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უმოკლეს ვადებში მოუწევთ წინასწარ განსაზღვრულ რაიონებში დისლოცირება და მათი საინჟინრო მოწყობა, ასევე თავდაცვის ორგანიზება და მდინარე ნემანსა და ბერეზინაზე გადასავლელების მოწყობა“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება, მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ზოგიერთ გზებსა და საერთო სარგებლობის ტერიტორიებზე.