ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის სპეცოპერაციის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობა შეინიშნება
უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციების დიდი ალბათობაა, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბელარუსის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ყველა რაიონში უკრაინის სპეცოპერაციის ძალების ქვედანაყოფების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობა შეინიშნება.
ვიქტოს ხრენინის განცხადებით, უკრაინული მხარე მუდმივად ახორციელებს დაზვერვას, რისთვისაც აქტიურად გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები.
„სასაზღვრო რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების არსებობის გათვალისწინებით, ჩვენს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებისა და განხორციელების დიდი ალბათობაა, ასევე რეზონანსული ქმედებების, მათ შორის, ბელარუსის ნაციონალისტური ფორმირებების ჩართულობით“, – აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ყველაფერი აქვს შესაძლო ბინძური ხრიკების მოსაგერიებლად.