ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - ბელარუსი ამზადებს ადგილებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსებისთვის
ბელარუსი ამზადებს ადგილებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსებისთვის, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა ბელარუსის სახელმწიფო მედია „ბელტასთან“ განაცხადა.
„საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, – აღნიშნა ხრენინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსში განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ რუსეთი შეძლებს. ამასთან, ხრენინმა აღნიშნა, რომ ბელარუსს მომზადებული აქვს აღჭურვილობა, თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება.
შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ბელარუსს უკვე აქვს „ისკანდერის“ სისტემა, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული დარტყმების განხორციელება შეუძლია.