ბელარუსის საზღვარზე მყოფმა მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გარღვევა სცადეს
ბელარუსის საზღვარზე მყოფმა მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გარღვევა სცადეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთს ბელარუსთან საზღვარზე მობილიზებული ჰყავს სამხედროები და აღმართული აქვს მავთულხლართების ჯებირი.
პოლონური მედიის ცნობით, საზღვრის გარღვევა 9 ნოემბერს 200 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა სცადა, მოგვიანებით კი, საზღვრის გადაკვეთას კიდევ 60-მდე მიგრანტი შეეცადა.
საზღვრის გასწვრივ ასობით მიგრანტს კარვები აქვს გაშლილი. პოლონეთსა და ევროკავშირში აცხადებენ, რომ მინსკი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში უწყობს ხელს. ბრიუსელი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, დაკავებულია ყველა ის პირი, რომელმაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საზღვარზე მყოფი სამხედროების რაოდენობა 12 ათასიდან 15 ათასამდე გაიზარდა.