ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა
ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებები ქუჩის პროტესტებისადმი საჭირო არ არის.
„ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში წვნიანის ჯამის მოთხოვნით გავა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ბელარუსი იყენებდა სავარაუდოდ იძულებით მოპოვებული აღიარების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.
ტელეგრამ არხის Nexta-ს თანადამფუძნებელი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს. ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი, რომლის ბორტზეც ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკის აეროპორტში იძულებით დასვა.