ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარტინ ვოიჩეჩოვსკი დაიბარეს. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დროებითი რწმუნებულის დაბარების მიზეზად გასულ ღამეს ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დასახელდა.
მინსკში აცხადებენ, რომ ფრენის ტრაექტორიის მონაცემები, რომელიც ვოიჩეჩოვსკს აჩვენეს, სავარაუდოდ, არ ადასტურებს ვარშავის განცხადებებს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ და მას „ნაჩქარევს“ უწოდებენ.
„შეხვედრაზე პოლონურ მხარეს მოუწოდეს, რომ არ დაძაბონ სიტუაცია და არ გამოიყენონ ის სასაზღვრო ტერიტორიის მილიტარიზაციისთვის. ხაზგასმით აღნიშნეს ისიც, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ისედაც რთული სიტუაციის დეესკალაცია შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში“, – წერია ბელარუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.