ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს, რომ „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით ეკიპაჟის ქმედებები გამართლებული იყო
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს, რომ „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით ეკიპაჟის ქმედებები გამართლებული იყო

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანატოლი გლაზი მინსკში „რაინეარის” თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით აცხადებს, მართალია, მგზავრებს გარკვეული უხერხულობა შეექმნათ, მაგრამ საავიაციო უსაფრთხოების წესები ყველასთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, თვითმფრინავის ეკიპაჟის ქმედებები გამართლებული იყო და ამ ინციდენტს პირველ რიგში, უსაფრთხოების კუთხით უნდა შეხედონ.

ამასთან, მისი თქმით, ბელარუსის კომპეტენტური ორგანოების ქმედებები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს. გარდა ამისა, ანატოლი გლაზმა დასძინა, რომ ინციდენტის გამოძიების საკითხში, ბელარუსის მხარეს შეუძლია, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს ყველა მასალა, რათა გამორიცხოს ინსინუაცია (ცილისწამება).

პრესმდივანმა საერთაშორისო გამოხმაურების შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რიგი ქვეყნების, ევროპული სტრუქტურების მტრული განცხადებები განცვიფრებას იწვევს და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მიმდინარეობს საკითხის მიზანმიმართული პოლიტიზაცია. მან ყველა მხარეს მოუწოდა, მშვიდად გააანალიზონ მომხდარი და დაელოდონ კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას.