ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პერსონალის შეიარაღებასა და მომზადებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დასახმარებლად ახორციელებს
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო პერსონალის შეიარაღებასა და მომზადებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დასახმარებლად ასრულებს, – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვადიმ სინიავსკიმ სახელმწიფო ტელეარხის, „ბელარუს ერთის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს ამზადებენ ამოქმედებისთვის „შეიარაღებული კონფლიქტის ან მასობრივი არეულობების შემთხვევებში, რა დროსაც საჭიროა დიდი რაოდენობის პირადი შემადგენლობის ჩართულობა“.
სინიავსკის ცნობით, ტაბელური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პირადი შემადგენლობის 98%-მა გაიარა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა მამაკაცს, და არამარტო მამაკაცს, უნდა შეეძლოს იარაღის გამოყენება აგრესიაზე რეაგირებისთვის.