ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ვალერი ცეპკალომ ქვეყანა შვილებთან ერთად დატოვა და რუსეთში გაემგზავრა.
ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პოლიტიკოსი აცხადებს, რომ იძულებული გახდა ამ ნაბიჯზე წასულიყო, მას შემდეგ რაც სამართალდამცავი სტრუქტურებიდან მისმა მეგობრებმა, მოსალოდნელი დაკავებისა და მისი მეუღლისთვის დედობის უფლების შესაძლო ჩამორთმევის შესახებ გააფრთხილეს.
ცეპკალოს თქმით, მისი ცოლი ბელარუსში დარჩა და მუშაობას პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბში განაგრძობს. თავად კი, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ გეგმავს დაბრუნებას.
რატომ რუსეთი, ვალერი ცეპკალო განმარტავს, რომ ის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა იყო შესაძლებელი. ის აპირებს მოუწოდოს რუსეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს არ აღიარონ 9 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, თუკი მათი გაყალბება მოხდება.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცეპკალოს კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა. მიზეზი კი მხარდამჭერთა ხმების არასაკმარისი რაოდენობა გახდა. მინიმუმ 100 ათასი ხმიდან ცესკო-მ ვალიდურად მხოლოდ 75 ათასი ცნო.