ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, მის შვილებს ემუქრებოდნენ
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ ანა კანოპაცკაიას ინფორმაციით, მის შვილებს ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი ანა კანოპაცკაია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. როგორც კანდიდატი აცხადებს, მუქარის გამო ის წინასაარჩევნო პიკეტების ჩატარებაზე უარს ამბობს.
კანოპაცკაიას თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მისი საარჩევნო შტაბის წევრებთან უკვე შეთანხმებულია.
კანოპაცკაიასგან განსხვავებით, პიკეტებზე უარს არ ამბობს კიდევ ერთი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია. 26 ივლისს ქალაქ გომელში მისი მხარდამჭერების მიერ გამართულ პიკეტს 8 000 ადამიანი შეუერთდა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსი დატოვა პრეზიდენტობის კანდიდატმა ვალერი ცეპკალომ, რომელიც რუსეთში გაემგზავრა და თან შვილებიც წაიყვანა. ცეპკალოს თქმით, ის იძულებული გახდა, შესაბამისი ნაბიჯი გადაედგა, რადგან სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე მეგობრებისგან მისი დაკავების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ცეპკალოს თქმით, ის ბელარუსში დაბრუნებას 9 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ აპირებს.