ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით ავსტრიაში ჩავა.
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 12 ნოემბერს ვენაში ალექსანდრ ლუკაშენკო ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან გამართავს მოლაპარაკებებს.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, პრეზიდენტები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობების თემას.
ალექსანდრ ლუკაშენკო ასევე შეხვდება ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს.
ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად, ვენაში ავსტრია-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მას და ბელარუსის მთავრობის რამდენიმე წევრს 2016 წელს სანქციები მოუხსნა.
თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის კანცელარიის ცნობით, ბელარუსის ლიდერის ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხება ადამიანის უფლებებისა და ბელარუსში სიკვდილით დასჯის საკითხს.