ბელარუსში საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი მარია კოლესნიკოვა რამდენიმე დღეა, დაკავებულია. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის დატოვებაზე უარი თქვა. როგორც მისი თანაგუნდელები ყვებიან, მან საკუთარი პასპორტი დემონსტრაციულად დახია. ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრი დაკავებული ან გახიზნულია, გარდა ერთისა. ეს გახლავთ ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, რომლის სახლშიც უცხოელი დიპლომატები მორიგეობენ. ბელარუსში კი მიტინგები არ წყდება. საქართველოს პირველი არხი აქციების ერთ-ერთ მონაწილეს, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრს, პროფესორ ოლგა შპარაგას ესაუბრა.
– პირველ რიგში მინდა, გკითხოთ აქციების ორგანიზაციის პროცესზე, როგორც ხდება მათი დაგეგმვა?
– იმედია, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ამის წინაპირობას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ აქციებს სხვადასხვა ფორმა აქვს. კვირის განმავლობაში პატარა აქციები იმართება უნივერსიტეტებში, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ე.წ. სოლიდარობის ჯგუფები იკრიბებიან. საღამოობით სხვადასხვა უბანში, ეზოებში 100-დან 300-მდე ადამიანი გამოდის. საქმე გვაქვს ერთგვარ თვითორგანიზებასთან, ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთობების, თავდაცვის ფორმასთან. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ და ცდილობენ. დაიცვან ახლობლები, რომ ისინი არ დაშავდნენ. კვირას კი მასშტაბური აქციები იმართება, რომელზეც 100 000-მდე ადამიანი იკრიბება. ჩემი აზრით, დინამიკა არ იკლებს. შესაძლოა, კვირის განმავლობაში სხვა ქალაქებსა და არა მინსკში, აქციები შენელდა, მაგრამ საერთო ჯამში, პატარა დასახლებულ პუნქტებშიც კი ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩებში.
– რა განწყობა აქვთ აქციის მონაწილეებს. ვიცით, რომ ითხოვენ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა გამართვას, მაგრამ არის თუ არა აქციებზე პროდასავლური ან ანტირუსული განწყობილება?
– პროტესტი კვლავ პროდემოკრატიულია. გეოპოლიტიკურ არჩევანზე ჯერ საუბარი არ არის. ცხადია, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიაში რუსი პროპაგანდისტები მიიწვია და მათ ინტერვიუ მისცა, ანტირუსული განწყობების გრადუსმა მოიმატა, მაგრამ, საერთო ჯამში, ხალხი არ ენდობა პუტინს, რადგან არ იცის, რა აქვს მას ჩაფიქრებული და რას აკეთებს, თუმცა რუსეთის საზოგადოება ბელარუსის პარტნიორია. ძალიან ბევრი ბელარუსი აქტიურად უსმენს რუს ბლოგერებს. ხალხი იცავს შემდეგ პოზიციას – არაფერი გვაქვს ჩვენი მეზობლების საწინააღმდეგო, რომლებიც აღიარებენ ბელარუსის სუვერენიტეტს და პატივს სცემენ ჩვენს სახელმწიფოს, ამ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობები გვინდა. ჩვენი მშვიდობიანი გზავნილია, რომ ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლა გვსურს და გვინდა შეძლებისდაგვარდ მშვიდობიანი თანაარსებობა მეზობლებთან. დღეს ბელარუსის შიდა პრობლემა დგას. ჩვენ გვინდა ავტორიტარიზმის დაძლევა.
– დავუბრუნდეთ აქციებს. თქვენ ამტკიცებთ, რომ მიტინგებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს, თუმცა, როდესაც ხალხი დიდ მსვლელობას მართავს, მაშინაც არ არიან ლიდერები, რომლებსაც ხალხი გაჰყვება?
– ლიდერები არ არიან, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტელეგრამარხი „ნექსტა“. თუმცა, 15:00-დან 18:00 საათამდე მინსკში ინტერნეტს თიშავენ. ეს ხდება ყოველ კვირას. ეს თვალსაჩინოა. ამიტომ, როდესაც ქუჩაში გავდივართ და გასასვლელი ბლოკირებული აქვთ სამართალდამცველებს, თავდაპირველად ვცდილობთ, მოვსინჯოთ, ღირს თუ არა მათთან მოლაპარაკება ან გაჭრის თუ არა თხოვნა. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ სხვა გზით მივდივართ. საბოლოო ჯამში, ხალხის ყველა ნაკადი ერთად იკრიბება. როდესაც ხალხი ამ მსვლელობიდან ბრუნდება, მინსკის ზოგიერთ უბანში მათ აკავებენ, საკმაოდ უხეშად, ძალის გამოყენებით. ადამიანებს სცემენ. ვფიქრობ, მსვლელობის დროს ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და ავარჩიოთ ისეთი ტაქტიკა, რომ მოქალაქეები დავიცვათ და ძალადობა შევამციროთ.
– თქვენ ახსენეთ ტაქტიკა. აქციები უკვე ერთი თვეა, გრძელდება. როგორ ფიქრობთ, ეს სცენარი არ შეიცვლება? ხომ არ განიხილება აქციებზე სხვა ტაქტიკის გამოყენება, მაგალითად პიკეტები, სახელმწიფო შენობების ბლოკირება. . .
– ბოლო აქციაზე, კვირას გვქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ ახალი არაფერი გაგვიკეთებია. თუმცა, შევღებეთ სპეცრაზმელების ფარები, რის გამოც ოთხი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ჩვენ მაინც მოგვეჩვენა, თითქოს ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ ხელისუფლებამ ასობით ადამიანი დააკავა და აქცია დაარბია. გამოდის, რომ ჩვენი სტრატეგია მთავრობას აშინებს. საზოგადოება გრძნობს, რომ ძლიერები ვართ, მტკიცედ მივიწევთ წინ და ლიდერები არ გვჭირდება. მთავარია, აქციები გაგრძელდეს და ხალხმა თვითორგანიზება შეძლოს. ჩვენ ამ ნერვების ომში უნდა გავიმარჯვოთ.
– მინდა, გკითხოთ ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას დაკავებაზე და ხალხის რეაქციაზე. აქვე მინდა, ვისაუბროთ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას ფიგურაზე. აქციების მონაწილეები მას ლიდერად მიიჩნევენ?
– კოლესნიკოვას დაკავებამ ცხადია, გამოიწვია რეაქცია. იმავე საღამოს ქუჩაში მის მხარდასაჭერად ქალები გამოვიდნენ და ისინი უხეში ძალის გამოყენებით დააკავეს. ქალებს ეკეთათ გულსაბნევები, წარწერით „მე ვარ მარია კოლესნიკოვა“. მისი გათავისუფლების მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი იქნება. რაც შეეხება სვეტლანა ციხანოვსკაიას, მას გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან ბევრ ეზოში ეს თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. გამოიტანეს ტორტი და მისი სიტყვით გამოსვლის ვიდეოსა და სურათების პროექცია გაუშვეს საცხოვრებელ სახლებზე. ასე რომ, ის მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა 9 აგვისტოს არჩევნებზე დააფიქსირეს, რეალურად არსებობს და ციხანოვსკასიას აღიარებენ პრეზიდენტად თუ არა, ბელარუსის საზოგადოების ლიდერად მაინც.
– და ბოლოს, ლუკაშენკოზე. თუ დაინიშნა ხელახალი არჩევნები, შეძლებს თუ არა ის კენჭისყრაში მონაწილეობას?
– საზოგადოების იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელიც ლუკაშენკოს დამნაშავედ მიიჩნევს. ის დამნაშავეა არა მხოლოდ არჩევნების გაყალბებაში, არამედ ტერორში. ახლა ის აგრძელებს ტყუილების ტირაჟირებას და პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, როგორ უნდა მიიღოს მან ამ პროცესებში მონაწილეობა.