ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები კვირას, 9 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ.
„ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბელარუსი ოპოზიციონერი, პაველ ლატუშკო აცხადებს, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს აქციის გამართვა მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის ერთადერთი შესაძლებლობაა.
მისი თქმით, აქციების მიზანი არჩევნების გაყალბების გაპროტესტება და ბელარუსი ხალხისთვის არსებული რეჟიმის მიუღებლობის ჩვენება იქნება.
ოპოზიციონერმა ბელარუსში არსებულ ვითარებას ყველაზე მძიმე ტერორი უწოდა, რაც კი ევროპას 40 წლის მანძილზე უნახავს და ევროკავშირს უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.