ბელარუსის ხელისუფლებამ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტისთვის სასამართლო დევნისგან იმუნიტეტს ითვალისწინებს
ბელარუსის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 2022 წლის თებერვალში რეფერენდუმზე უყრიან კენჭს.
პროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის იმუნიტეტს საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემისგან. ამასთან, დოკუმენტი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება, არჩეული იყოს პირი არა უმეტეს ორი ხუთწლიანი ვადით. გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკრძალავს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას პირს, რომელმაც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში დროებით დატოვა. როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო აღნიშნავს, ეს ინიციატივა, როგორც ჩანს, მიმართულია ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ, რომელთაგან მრავალი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რათა პოლიტიკური დევნისგან თავი დაეღწია.
ამას გარდა, წარდგენილი პროექტით იზრდება ბელარუსი საყოველთაო სახალხო ასამბლეის უფლებამოსილება. აღნიშნულ ორგანოს ექნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება მის მიერ კონსტიტუციის სისტემატური ან უხეში დარღვევის, ან სახელმწიფო ღალატისა და სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო. ამასთან, ასამბლეა დაამტკიცებს ქვეყნის საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკას.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი ქვეყნის ისტორიასაც ეხება. წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსი ხალხის „ისტორიული სიმართლისა და გმირობის ხსოვნის დაცვა“. პროექტში ქორწინება განსაზღვრულია როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ბელარუსი გამორიცხავს სამხედრო აგრესიას თავისი ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოების მიმართ. ინიცირებულ ცვლილებებში საუბარია მშვიდობიანი მიზნებით ატომური ენერგეტიკის განვითარების გეგმაზეც.
ბელარუსის პრეზიდენტის ოპონენტების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოქვეყნება არის ლუკაშენკოს მცდელობა, შეინარჩუნოს ძალაუფლება დასავლეთის ზეწოლის ფონზე.
„რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტი არ აძლევს ბელარუს ხალხს რეალურ არჩევანს. ის დიქტატორს აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს ძალაუფლება, აკონტროლოს სიტუაცია ხელოვნურად შექმნილი ბელაურის სახალხო ასამბლეით და თავიდან აიცილოს სასამართლო დევნა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ.
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა. ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა ამ პერიოდში საპროტესტო აქციები არაერთხელ დაარბიეს ძალის გამოყენებით, დააკავეს აქტივისტები და ოპოზიციონერები, ასევე ჟურნალისტები და უფლებადამცველები. ოპოზიციის წევრების ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ევროკავშირმა და აშშ-მა კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.