ბელარუსიდან თვითმფრინავით სამშობლოში 430 ერაყელი მიგრანტი დააბრუნეს
ბელარუსიდან თვითმფრინავით სამშობლოში 430 ერაყელი მიგრანტი დააბრუნეს. ამის შესახებ განცხადება ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ძირითადად საუბარია ქურთ ერაყელებზე, რომლებმაც რამდენიმე კვირა გაატარეს ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე.
მინსკში კი განაცხადეს, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ რჩება 7 000 მიგრანტი. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანმა განაცხადა, ბელარუსის მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 5 000 მიგრანტს სამშობლოში დააბრუნებს.
ამასთან, მინსკში მიიჩნევენ, რომ დანარჩენი 2 000 მიგრანტისთვის „ჰუმანიტარული დერეფანი“ ევროკავშირმა უნდა გახსნას. როგორც ლუკაშენკოს პრესმდივანი აცხადებს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას თქვა.
ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან ვითარება 8 ნოემბერს უკიდურესად გამწვავდა, როდესაც ბელარუსიდან პოლონეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი მიუახლოვდა. ბოლო დღეების განმავლობაში მიგრანტებმა არაერთხელ სცადეს ევროკავშირის საზღვრის გარღვევა.
ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის მთავრობას მიგრანტების კრიზისის ორგანიზებაში სდებს ბრალს და დამატებითი სანქციებით იმუქრება.