ბელარუსი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ამბობს, რომ გაქცევის გადაწყვეტილება ტოკიოს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მიიღო
ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ციმანოვსკაია, რომელმაც ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ამბობს, რომ გაქცევის გადაწყვეტილება ტოკიოს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მიიღო. ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამჟამად ციმანოვსკაია ვარშავაში იმყოფება, სადაც მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
ციმანოვსკაიას თქმით, როდესაც ის ტოკიოს აეროპორტში სახლში დასაბრუნებლად მიჰყავდათ, მას ბებიამ დაურეკა და უთხრა, რომ ბელარუსში დაბრუნება უსაფრთხო არ იყო.
„ბებიამ დამირეკა, როდესაც მე უკვე აეროპორტში მივყავდი. ზუსტად 10 წამი მქონდა. მან დამირეკა და ერთადერთი რაც მითხრა იყო: „გთხოვ, ნუ დაბრუნდები ბელარუსში, ეს არ არის უსაფრთხო. სულ ეს არის, მან ყურმილი დაკიდა. მე ბელარუსში დაბრუნებას ვისურვებდი. მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე მისთვის არ მიღალატია და იმედი მაქვს, რომ დაბრუნებას შევძლებ“, – აცხადებს ბელარუსი სპორტსმენი.
24 წლის კრისტინა ციმანოვსკაიამ ჰუმანიტარული თავშესაფარი პოლონეთს მას შემდეგ სთხოვა, რაც ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ის ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკის გამო ასპარეზობიდან მოხსნა და სამშობლოში იძულებით დაბრუნება დაუპირა. სპორტსმენი შიშობდა, რომ ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დევნა დაიწყებოდა.
ციმანოვსკაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა ის აეროპორტში მიიყვანეს, მან დახმარება პოლიციას სთხოვა.
„ისინი არ ელოდებოდნენ, რომ აეროპორტში მე პოლიციასთან მივიდოდი. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ნაბიჯის გადადგმისაც კი გვეშინია, რომ საუბრის, მსოფლიოსთვის სიმართლის თქმის გვეშინია. თუმცა, მე არ მეშინია. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ეშინია. მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვდგავარ“, – აღნიშნა ციმანოვსკაიამ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, ბელარუსი სპორტსმენი ამბობს, რომ მას ყოველთვის თავი შორს ეჭირა პოლიტიკიდან და არ მონაწილეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში.
„ეს შესაძლოა, ვინმეს სასტიკად მოეჩვენოს იმ საშინელი მოვლენების ფონზე, რაც ბელარუსში გასულ ზაფხულს მოხდა, თუმცა მე ცდილობდი, ამისგან შორს ვყოფილიყავი. ერთადერთი რაც მინდოდა, წავსულიყავი ოლიმპიადაზე და მაქსიმალური გამეკეთებინა“, – განაცხადა ციმანოვსკაიამ.