ბელარუსი ფეხბურთელი - უკრაინელები მაგრები არიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ ეს ძალა შეაჩერონ #1TVSPORT
ბელარუსმა ფეხბურთელმა, ილია შკურინმა, რომელიც კიევის „დინამოში“ თამაშობს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის არმიას.
„ეს არ არის სპეცოპერაცია. ეს არის ნამდვილი ომი. ბაბუაჩემის სახლზე თვითმფრინავები დაფრინავენ და მინდა ყველამ იცოდეს ამის შესახებ. უკრაინელები მაგრები არიან და ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ძალა. ყველაფერი კარგად იქნება“, – ციტირებს ილიას უკრაინული Sport Arena.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ილია შკურინმა თავის ქვეყანაში ლუკაშენკოს რეჟიმის სისასტიკეზე ღიად ისაუბრა, რის გამოც ბელარუსის ნაკრებში თამაში აუკრძალეს. 2020 წლის მარტში იგი ბელარუსის ნაკრებში მაინც გამოიძახეს. მაგრამ 2020 წლის აგვისტოში თავად უარი თქვა ეროვნულ გუნდში თამაშზე მანამ, სანამ ქვეყანას ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს.
2020 წლის დეკემბერში შკურინის გვარი ამოიღეს ბელარუსის ახალგაზრდული და ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების კანდიდატთა სიიდან და ასევე ჩამოერთვა შეღავათები, რაც მას სამხედრო სამსახურიდან გადავადების უფლებას აძლევდა.
შკურინის ტრანსფერი რუსული არმიის გუნდს, მოსკოვის ცსკა-ს ეკუთვნის – 2021 წლის 9 ივლისს ბელარუსი თავდამსხმელი კიევის „დინამოში“ იჯარით 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით გადავიდა.