ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის მოქალაქეებს 90-დღიან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს უწესებს
ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის მოქალაქეებს 90-დღიან უვიზო რეჟიმს უწესებს იმის ნიშნად, რომ მინსკს დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქება შეუძლია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბელარუსის მთავრობის ახალი პოლიტიკის თანახმად, 35 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები ბელარუსში შესვლას და უვიზოდ დარჩენას წელიწადში 90 დღემდე შეძლებენ.
ამჟამად ამ ქვეყნებიდან მოგზაურებს რესპუბლიკაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
ინიციატივა ძალაში 19 ივლისს შევა.
მინსკი დასავლეთის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან, მას შემდეგ იმყოფება, რაც კრემლს უკრაინაში რუსეთის ჯარების გასაგზავნად საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა.
გასულ კვირას ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარები გაიყვანა.
„უკრაინელებთან ახლა არანაირი სირთულე არ გვაქვს და იმედია, არც გვექნება“, – განაცხადა მაშინ ლუკაშენკომ.