ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს
ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებული ტაქსის მძღოლი დანაშაულს აღიარებს. გამოძიების ცნობით, კომპანია Uber-ის ლიბანელმა თანამშრომელმა, რომელიც ადრე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვისაა ნასამართლევი, ბრიტანელი რებეკა დაიკი კვირას ღამით მოკლა.
მათივე ცნობით, მკვლელობის მოტივი სრულიად კრიმინალური ხასიათისაა და პოლიტიკასთან და მოკლულის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
Uber-ში 41 წლის ბრალდებულის ვინაობასა და მონაცემებზე არ საუბრობენ. კომპანია არც იმას ამჟღავნებს, რამდენ ხანს მუშაობდა ის მათთან მძღოლად.
Uber-ს უსაფრთხოების კუთხით არაერთ ქვეყანაში აქვს პრობლემები.
კვირას ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი მოკლული იპოვეს. რებეკა დაიკის ცხედარს საავტომობილო გზის პირას მიაგნეს. პოლიციის ცნობით, ის გაგუდულია.
რებეკა დაიკი ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში პროგრამებისა და მიმართულებების მენეჯერად 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა.