ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი, ასობით კი დაკარგულად ითვლება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 120-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები.
მაშველები შიშობენ, რომ ნანგრევებში კიდევ არაერთი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი.
მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ბეირუთის პორტში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ინციდენტამდე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც საწყობში განთავსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გამოიწვია.