ბეილი ჰათჩისონი - აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენლემა კეი ბეილი ჰათჩისონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაააკეთა.
„საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ავღანეთში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას, იმ პირობებში როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, აშშ-ი სრულად უჭერს მხარს ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკას.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატო უფრო ძლიერია დღეს, როდესაც მას 29 წევრი ჰყავს და მომავალში ახალი წევრების დამატებას ველოდებით“, – განაცხადა ჰათჩისონმა.
ეს განცხადება ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ხვალ დაგეგმილი მინისტერიალის წინ გააკეთა, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.
ამავე დროს, მოკავშირეები კიდევ ერთ შეხვედრაზე ალიანსში გაწევრიანების მსურველ, ე.წ. ასპირანტი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, რომლის მთავარი თემა „ღია კარის“ პოლიტიკა იქნება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. როგორც უწყებაში განმარტეს, მოლაპარაკებებზე ტილერსონი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს.