ბეჟანიშვილის 8 ქულა და 13 მოხსნა - გიორგის „გრანდს რაპიდსმა“ „ვისკონსინ ჰერდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„დენვერ ნაგეტსის“ G ლიგის გუნდი, „გრანდ რაპიდს გოლდი“ „ვისკონსი ჰერდს“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერად, 111-107 დაამარცხა.
გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. მესამე მეოთხედის ბოლოს ქართველმა კალათბურთელმა მეოთხე პერსონალური ფოლი მიიღო, შემდეგ კი ტექნიკური ჯარიმაც დაიმსახურა და მოედნიდან გააძევეს. 22 წუთში გიორგიმ 8 ქულის, 13 მოხსნის (5 შეტევაში), 2 პასის, 2 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 8-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. დანარჩენი ორი ქულა ბეჟანიშვილმა საჯარიმოდან მოიპოვა. გარდა 4 პერსონალურისა, 22 წლის მძიმე ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
„გრანდ რაპიდსმა“ პირველი მეოთხედი 1 ქულით დათმო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა დაიბრუნა და გამარჯვება იზეიმა. ჯეისონ ტერის გუნდს ამ მატჩის შემდეგ 5 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ „ვისკონსინ ჰერდი“ „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდია, სადაც კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ირიცხება. სანდრო უმეტეს შემთხვევაში ორივე გუნდს ეხმარება, უბრალოდ, „ბაქსმა“ დღეს, 5 დეკემბერს გამთენიისას „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ შეხვედრა გამართა, იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნაში კი მაიკ ბუდენჰოლცერმა მამუკელაშვილი 21:05 წუთი ათამაშა.
შემდეგ შეხვედრას ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ 14 დეკემბერს „ფორტ ვეინის“ წინააღმდეგ გამართავს.