ბეჟან წაქაძე - გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს დაგვპირდა, რომ ბიუროკრატიული შეფერხების შემთხვევაში, მას ელფოსტით ყოველდღე შეგვიძლია, ვესაუბროთ
პრემიერი ბიზნესის წარმომადგენლებს დაგვპირდა, რომ ბიუროკრატიული შეფერხების შემთხვევაში, მას ელექტრონული ფოსტით ყოველდღე შეგვიძლია, ვესაუბროთ, რამდენიმე საათში მოხდება პრობლემის განხილვა და მისი კანონმდებლობის ფარგლებში გადაჭრა, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბეჟან წაქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამშენებლო სექტორთან შეხვედრა განიხილეს, რომელიც პრემიერის ინიციატივის ფარგლებში გასული კვირის ბოლოს შედგა. გიორგი გახარიამ ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებსაც მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა საკითხები განიხილა სამშენებლო სექტორმა პრემიერთან შეხვედრაზე და როგორ წარიმართა შეხვედრა. ბეჟან წაქაძის განმარტებით, შეხვედრაზე ორი ძირითადი პრობლემა განიხილეს – წლის დასაწყისში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო სექტორზე და ტექნიკური საკითხები. მისივე თქმით, შეხვედრამ გულახდილი საუბრის ფორმატში ჩაიარა და პრემიერმა კერძო სექტორს მხარდაჭერა აღუთქვა.
„პრემიერთან შეხვედრა ძალიან თბილი იყო. ზედმეტი პრობლემებისა და მოფერების გარეშე ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი. შევეხეთ საბანკო რეგულაციებს, ე.წ. 41-ე დადგენილებას [რომელიც სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს] და სხვა პრობლემებს, რაც სამშენებლო სფეროს ეხება. ზოგადად ორი კუთხით განვიხილავთ პრობლემებს. ერთ ფინანსური კუთხით და მეორე ტექნიკური მიმართულებით. საფინანსო კუთხით პრემიერი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. იგი შეგვპირდა, რომ ამ თემაზე სერიოზულად ისაუბრებდნენ გუნდის შიგნით და თუ კანონმდებლობის ფარგლებში შეიძლება, რომ სამშენებლო სექტორს და საერთოდ ბიზნესს რამე დახმარება გაეწიოს, მაშინ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ეს კანონმდებლობაში არ ჯდება, მაშინ პრემიერმა თქვა, ჩემგან არ უნდა ელოდოთ, მე ამის გადაწყვეტის უფლება არ მაქვსო“, – განმარტა ბეჟან წაქაძემ.
მისივე მოსაზრებით, წლის დასაწყისში ამოქმედებული რეგულაციები, რომლებიც იპოთეკური სესხების გაცემას ზღუდავს და სამშენებლო სექტორში გაყიდვები გარკვეულწილად შეაფერხა, უნდა შერბილდეს.
„რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია. კომპანიებში შიდა განვადებები ყოველთვის იყო და გაგრძელდება, მაგრამ რეგულაციების შემსუბუქება საოცრად დადებითი მიმართულებით შეცვლის გაყიდვებს. ამიტომ მე მოვუწოდებ, ვისაც რეგულაციები ეხება, რომ გადახედონ. ერთ პროცენტზე ნაკლებია პრობლემური სესხების რაოდენობა, ამიტომ ეს ეს დაშვებადია“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
რაც შეეხება ე.წ. 41-ე დადგენილებას და ტექნიკურ საკითხებს, წაქაძის განცხადებით, ბიზნესი ერთხმად შეთანხმდა, რომ უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვასთან დაკავშირებული მუხლები უპირობოდ დაიცვას. თუმცა, სამშენებლო სექტორი რეგულაციიდან იმ ხარვეზების ამოღებას ითხოვს, რაც ჭარბ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნის და მშენებლობას აჭიანურებს.
„41-ე დადგენილებიდან იმდენი მუხლებია ამოსაგდები, რომ ეს თავისთავად შეამცირებს ბიუროკრატიის მოთხოვნებს. მაგალითად, არქიტექტურული პროექტი რომ კეთდება, 41-ე დადგენილება ითხოვს, რომ ამ პროექტზე, რომელსაც ერთმა არქიტექტორმა დასკვნა უკვე მისცა, კიდევ სხვა არქიტექტორმაც დადოს დასკვნა. იგივეა კონსტრუქციულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ერთმა კონსტრუქტორმა დაამუშავა კონსტრუქციული ნაწილი და დასკვნა გასცა, დადგენილების მიხედვით, კიდევ მეორე კონსტრუქტორის დასკვნაა საჭირო. მაშინ, როცა საერთო დადგენილებით კონსტრუქციული ნაწილი საერთოდ არ ბარდება იმ ორგანოში, სადაც მიგვაქვს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ პრემიერთან და ის დაგვპირდა, რომ ნებისმიერ ასეთ შეფერხებაზე, რაც ბიზნესში წარმოგვეშვება, ელექტრონული ფოსტის დონეზე ყოველდღე შეგვიძლია, ვესაუბროთ. შესაბამისად, რამდენიმე დღეში კი არა, რამდენიმე საათში მოხდება მისი განხილვა და თუ საჭირო იქნება, კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება დახმარება“, – განუცხადა ბეჟან წაქაძემ „ბიზნესპარტნიორს“.