BBC სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს - ახლა არ არის რუსეთთან მეგობრობის დრო
ახლა არ არის რუსეთთან მეგობრობის დრო, – ამ სათაურით აქვეყნებს BBC საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუსა და სტატიას.
„ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, სადაც იტაცებენ ხალხს და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმისკენ მოიწევს, სულ უფრო ახლოს თბილისთან; იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებით, არ მგონია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ახლა შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადასვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო პროევროპულ პოზიციას იკავებს და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით, დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, მაშინ რა თქმა უნდა საქართველო გვერდით არ დარჩება“.
BBC ასევე განმარტავს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისგან გამყოფი ხაზიდან ადამიანების გატაცებაში.
რაც შეეხება არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე რუსეთის პოზიციას, BBC-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ციტატა მოჰყავს.
„ჩვენ ვამჯობინებთ, დაველოდოთ პირველ განცხადებებს, შესაძლო შეფასებებს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების შესახებ“, – აცახდებს პესკოვი.
BBC-ს ასევე მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მოსაზრება, რომელიც მედიასაშუალების თქმით, უფრო ოპტიმისტურია.
„ვიმედოვნებთ, არჩვენების შედეგები საშუალებას მოგვცემს, განვაგრძოთ მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაჯანსაღებისთვის“, – აცხადებს კარასინი.