BBC - კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა
იტელეკომპანია BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს. თუმცა, როგორც ჟურნალისტები წერენ, სინოდის წევრებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრების თარიღი არ დაუსახელებიათ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ თქვა, გამაერთიანებელი კრების გამართვის თარიღს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უახლოეს დღეებში დაასახელებს.
მანამდე, კონსტანტინოპოლში განაცხადეს, რომ გამაერთიანებელი კრება დეკემბრის თვეში გაიმართება. სწორედ ამ კრებაზე უნდა აირჩიონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოსგან ტომოსს მიიღებს და ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩაუდგება სათავეში.
უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბებას რუსეთი არაკანონიკურ ნაბიჯად აფასებს.