BBC - ირანში სოციალური ქსელის მომხმარებლები, ცენზურის საპასუხოდ, გზავნილებსა და სლოგანებს ბანკნოტებზე წერენ
BBC - ირანში სოციალური ქსელის მომხმარებლები, ცენზურის საპასუხოდ, გზავნილებსა და სლოგანებს ბანკნოტებზე წერენ

„მოლაპარაკე ბანკნოტები“ – ირანში Twitter-ის მომხმარებლები, იმის გამო, რომ ეს პლატფორმა მათთვის დაბლოკილია, გზავნილებსა და სლოგანებს ბანკნოტებზე წერენ. ამის შესახებ BBC წერს.

„ქაღალდის ფული ჩვენთვის ის მესინჯერია, რომელიც ცენზურას არ ექვემდებარება“, – აცხადებენ ისინი.

პროტესტის ასეთი ფორმა მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანის მთავრობა აპლიკაცია „ტელეგრამის“ დაბლოკვასაც გეგმავს, რომელიც ყველაზე პოპულარული ციფრული კომუნიკაციის პლატფორმაა ირანში.

გასული დეკემბრის ბოლოს ირანის ქუჩები დემონსტრაციებმა მოიცვა. მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური სიტუაციით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მაშინ „ტელეგრამი“ მთავარი ხელსაწყო გახდა, რომლითაც ხალხი საპროტესტო ტალღის შესახებ ინფორმაციას ცვლიდა.

BBC Monitoring-ის მონაცემებით, 28 აპრილის შემდეგ Twitter-ზე ანონიმური მომხმარებლების მიერ დაახლოებით 8000 პოსტი გამოქვეყნდა ჰეშთეგით „ასი ათასი მოლაპარაკე ბანკნოტი“. იმავე მომხმარებლების გზავნილებს შორისაა ეს სლოგანიც: „ჩვენი მტრები აქ არიან, ისინი კი გვეუბნებიან, რომ მტერი ამერიკაა“.

Twitter-ი ირანში ოფიციალურად დაბლოკილია, თუმცა ქვეყნის უზენაეს ლიდერს, პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს ამ სოციალურ ქსელში აქტიური ანგარიშები აქვთ. გასულ კვირას კი აიათოლა ალი ხამენეიმ ტელეგრამის საკუთარი გვერდი გააუქმა და განაცხადა, რომ ეს ეროვნული ინტერესების დაცვისათვის სასარგებლო იქნებოდა. მთავრობასა და საჯარო სამსახურებში მომუშავეებს ასევე მოუწოდეს, აღარ გამოიყენონ „ტელეგრამი“. მოსახლეობამ უზენაესი ლიდერის ეს ნაბიჯი აპლიკაციის საყოველთაო დაბლოკვის წინაპირობად მიიჩნია.

ტელეგრამის აპლიკაციას დაახლოებით 40 მილიონი ირანელი მოიხმარს.

ბოლო პერიოდში „ტელეგრამი“ რუსეთშიც დაბლოკეს.