BBC- ინდოეთიდან რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ველოსიპედით მიმავალი ინდოელი საქართველოში არ შეუშვეს
ინდოეთიდან რუსეთში ველოსიპედით მიმავალი ინდოელი საქართველოში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის მოქალაქე კლიფინ ფრანსისი რუსეთში, საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად ველოსიპედით გაემგზავრა. როგორც თავად ფრანსისი BBC-ს ჟურნალისტთან საუბარში ყვება, იგი თავდაპირველად დუბაიში ჩაფრინდა, საიდანაც ირანში გადავიდა.
მისივე თქმით, ირანში საუკეთესო დახვედრა მოუწყვეს და ხალხი სახლში ეპატიჟებოდა.
როგორც BBC წერს, ირანიდან ინდოეთის მოქალაქე აზერბაიჯანში ჩავიდა, ხოლო შემდეგ საქართველოში აპირებდა ჩასვლას, თუმცა მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
„ყველა დოკუმენტი მქონდა და მაინც არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში არ შემიშვეს. ამის გამო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც არ მქონდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მომცეს“, – ამბობს ინდოეთის მოქალაქე.
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გატარებული ერთ დღის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ინდოეთის მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მისცა.
კლიფინ ფრანსისი რუსეთში დაღესტნის გავლით ჩავიდა. როგორც BBC-ი წერს, ამჟამად ინდოეთის მოქალაქე ტამბოვში იმყოფება და 26 ივნისს მოსკოვში აპირებს ჩასვლას, სადაც საფრანგეთისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრება.