ყოფილი იუგოსლავიის საქმეებზე მომუშავე გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალმა, ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო. BBC-ის ცნობით, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ვერდიქტის გამოცხადების დროს, რატკო მლადიჩმა მოსამართლეს დაუყვირა, რის გამოც ის დარბაზიდან გაიყვანეს. ყოფილი გენერლის ადვოკატი სხდომის გადადებას ითხოვდა, მიზეზად კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდა.
75 წლის მლადიჩის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება 11 პუნქტისგან შედგებოდა. მას 1993-1995 წლებში ბოსნიის ომის დროს ჩადენილ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებოდა ბრალი. ასევე, ყოფილ გენერალს ბრალად სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობაც ედებოდა. ბრალდების მხარე რატკო მლადიჩისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.
ამას გარდა, მლადიჩს პროკურორები სარაევოს ბლოკადის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. ოთხწლიანი ბლოკადის დროს საარტილერიო და სნაიპერული ცეცხლის შედეგად ქალაქში ათი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
1992-1995 წლებში რატკო მლადიჩი ბოსნიელი სერბების შეიარაღებულ ფორმირებებს ხელმძღვანელობდა. სამწლიან ბოსნიურ ომს კონფლიქტის ორივე მხარეს 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1995 წელს მლადიჩის მეთაურობით ჯარებმა ქალაქი სრებრენიცა დაიკავეს, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცხადებულ უსაფრთხო ზონაში შედიოდა. სრებრენიცაში მლადიჩის განკარგულებით, სამხედროებმა რვა ათასი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა გახდა.
16 წლის განმავლობაში რატკო მლადიჩი მართლმსაჯულებას ემალებოდა. აშშ-ის მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი, ხოლო სერბეთს – 10 მილიონი ჰქონდა დანიშნული. ყოფილი გენერალი 2011 წლის 26 მაისს სერბეთის ტერიტორიაზე, სოფელ ლაზარევოში ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა დააკავეს. 31 მაისს ის ჰააგაში გადაიყვანეს. ბოსნიელი სერბების ყოფილი მეთაურის სასამართლო 2012 წელს დაიწყო.
რატკო მლადიჩის სამხედრო კარიერას ხელი შეუწყო ბოსნიელი სერბების მაშინდელმა ლიდერმა რადოვან კარაჯიჩმა. 2016 წლის მაისში რადოვან კარაჯიჩს ჰააგის ტრიბნალმა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.