BBC-ი ირანის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო გაერო-ს მიმართავს
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორპორაციის სპარსული ბიუროს რეპორტიორები თეირანიდან ზეწოლას წლების განმავლობაში განიცდიან.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ხელისუფლება აგრესიულ კამპანიას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ლონდონში მდებარე ბიუროს რეპორტიორებს ავიწროვებდნენ, ემუქრებოდნენ, ასევე დააკავეს მათი ნათესავები, ზოგიერთს კი ირანში ჩასვლა აუკრძალეს.
როგორც BBC-ში აცხადებენ, მათი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთ ირანელ ჟურნალისტს მამის დაკრძალვაზე სამშობლოში ჩასვლაზე უარი უთხრეს, კიდევ ერთს კი სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი ირანში დაკავებული დის ციხიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. როგორც მაუწყებელში აცხადებენ, სპარსული ბიუროს 20-ზე მეტ ჟურნალისტს ან მათ ნათესავებს სიკვდილით დაემუქრნენ, რის გამოც მათ ბრიტანეთის პოლიციას დაცვის თხოვნით მიმართეს.
BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა, რეპორტიორების დაშინება და მათზე ზეწოლა არ წყდება, რის გამოც ისინი დახმარების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ კი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს მიმართავენ.
გამოკითხვების თანახმად, BBC-ის მაყურებელთა რიცხვი ირანში 18 მილიონს აჭარბებს.