BBC - CIA-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი ჯინა ჰასპელი წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი ჯინა ჰასპელი წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და რუსულ ენას თავისუფლად ფლობს. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ჰასპელი რუსეთში „ცივი ომის” დასრულების შემდეგ და გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში დაზვერვის ოფიცრად მუშაობდა.
როგორც ირკვევა, ჰასპელი თავდაპირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი აზერბაიჯანსა და რუსეთში იმყოფებოდა. ბაქოში ჰასპელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. ის მონაწილეობდა წარმატებულ ოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი დააკავეს.
ჰასპელის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სენატში მისი კანდიდატურის განხილვა უკვე მიმდინარეობს. პირველი მოსმენის დროს ჰასპელს სენატორების რთულ კითხვებზე პასუხის გაცემამ მოუწია.
მთავარი ყურადღება სენატორებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში დამკვიდრებულ დაკითხვის სასტიკი მეთოდების პრაქტიკაზე გაამახვილეს, რომელთა შესახებაც, გავრცელებული ცნობით, ჯინა ჰასპელიც ინფორმირებული იყო. თავად ჰასპელი მსგავსი მეთოდებით დაკითხვებში მონაწილეობას უარყოფს.
BBC-ის ინფორმაციით, სენატში გამოსვლისას მან რამდენჯერმე დადო პირობა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დაკითხვის დროს სასტიკ მეთოდებს არასდროს მიმართავს. მას კითხვა ასეთი დაკითხვების ამსახველი ვიდეოფირების განადგურების შესახებ დაუსვეს, რაზეც ჰასპელმა უპასუხა, რომ მსგავსი ვიდეოს შენახვის იურიდიული საფუძველი მას არ ჰქონდა და რომ მისი გავრცელების შემთხვევაში დაზვერვის თანამშრომლებს საფრთხე შეექმნებოდათ.
აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე საუბრისას ჰასპელმა განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნას ეთანხმება და ამ საქმის გამოძიებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ჰასპელის დანიშვნას 51 სენატორის ხმა სჭირდება. მართალია, დემოკრატები მისი კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებენ, თუმცა რესპუბლიკელებს საკანონმდებლო ორგანოში ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვება არ გაუჭირდებათ.